Patient History

October 12, 2013

-დაწერე?
-რა?
-რასქვია რა! ავადმყოფობის ისტორია
-აა… კი… ვამთავრებ…
-მალე რა, დავიღალე
-კაი მოვრჩი. წაგიკითხავ ეხლა და მითხარი როგორია
-გისმენ
-ესეიგი. პაციენტი მ.ნ., 56 წლის მამაკაცი, მცხოვრები….
-არ მინდა საცხოვრებელი ადგილები და ფეხის ზომები, გასაგებია რომ სეზონურად აცვია და სანდოდ გამოიყურება, ჩივილები დაიწყე პირდაპირ
-კარგი… პაციენტს აწუხებს ხშირი ხველა, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი მკერდის არეში, დაღლილობა, უმადობა, წონაში კლება….
-ფილტვის კიბო აქვს?
-ხო
-გასაგებია
-ვაგრძელებ. ანამნეზის მორბი…

* * *
სადღაც პატარა, მყუდრო კაფეში ვიჯექი, ირგვლივ რაღაცნაირი სიბნელე და ბურუსი იყო. სანამ გავერკვეოდი სად ვიყავი ან იქ რა მინდოდა, ამ ბურუსს ერთი სილუეტი გამოეყო და ჩემს წინ დაჯდა. ეს სილუეტი სასიამოვნო გარეგნობის, ორმოცდაათს გადაცილებული მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც ძალიან ნაღვლიანი თვალები ჰქონდა
-უკაცრავად, ვიცნობთ ერთმანეთს? – დაბნეულმა ვკითხე
-ექიმო…
-ექიმოო? ჯერ ხომ ექიმი არ ვარ – გავიფიქრე, მაგრამ სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, განაგრძო
-ექიმო… არ მინდა სიკვდილი
თავჩაღუნული იჯდა
-კი მაგრამ… რა სიკვდილი? მე რა შუაში ვარ? – ცოტა შემეშინდა და კიდევ უფრო დავიბენი
მას კი თითქოს არც გაუგონია, თავისას განაგრძობდა
-არ მეგონა ასეთი ძნელი თუ იქნებოდა ამის გაგონება… კიბო… რა საშინლად ჟღერს… მთელი ღამე არ მიძინია, სულ თქვენი სიტყვები ჩამესმოდა ყურში… კიბო… ფილტვის კიბო…
დამბურძგლა, მგონი გავფითრდი კიდეც
თავი ასწია. წეღანდელზე უფრო ნაღვლიანი თვალები ჰქონდა
-არ მინდა სიკვდილი… მთელი ცხოვრება ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ვცდილობდი რაღაცისთვის მიმეღწია და ეხლა, როცა ყველაფერი მაქვს, ჩემი საქმე აწყობილია და კარგი შემოსავალი მაქვს, გვერდით საყვარელი ქალი მყავს, რომელიც არასდროს ისე ახლობელი არ ყოფილა როგორც ეხლა, ჩემი ბიჭი წელს დაქორწინებას აპირებს და უმცროსი გოგო სკოლას ამთავრებს… არ მინდა ეხლა სიკვდილი… რას არ მივცემდი, ოღონდ ეს არ დამმართვოდა.
ჩემი დაწერილი ავადმყოფობის ისტორია გამახსენდა და თავში უცებ ყველაფერი დამილაგდა. ანამნეზის ვიტეში იყო ასეთი პუნქტი: “მოწევა დაიწყო 14 წლის ასაკში, ეწევა დღეში ორ კოლოფს”
-თქვენ კი პირიქით გააკეთეთ ყველაფერი
-რას გულისხმობთ? – გაოგნებულმა მკითხა
-რამდენი ხანია ეწევით… 40 წელზე მეტია… დღეში ორი კოლოფი… თქვენ ხომ იცოდით, რომ მოწევას შეუძლია ფილტვის კიბო გამოიწვიოს, ხომ გაფრთხილებდნენ
-კი, მაფრთხილებდნენ – ხმაწასულმა მიპასუხა – ყოველი კოლოფზე, ყოველ რეკლამაზე, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი, დარწმუნებული ვიყავი რომ ეს მე არ შემეხებოდა. როცა ახალგაზრდა ხარ და ჯანმრთელი, შენს თვალწინ კი სიგარეტს პირდაპირ არავინ მოუკლავს, გგონია, რომ მთელი ეს პროპაგანდა სისულელეა და არაფრად აგდებ. შედეგებზე არ ფიქრობ, ისე უშვებ ფილტვებში მომწამლავ აირებს და თავს იმით იმშვიდებ, რომ მეგობრის 80 წლის ბაბუა კაჟივით ჯანმრთელია,მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა ეწევა. ჩემი მეუღლეც სულ მთხოვდა თავი დამენებებინა, ნეტა დამეჯერებინა, ნეტა…
თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, სასოწარკვეთილი იყო
-რას არ მივცემდი, უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს…
გამეღვიძა. გული გამალებით მიცემდა. ხმამაღლა ვუპასუხე არარსებულ პაციენტს
-შეიძლება, შენ ხომ ჩემი გამოგონილი ხარ.

* * *
-დაწერე ისტორია?
-არა – თავჩაღუნულმა ვუპასუხე
-რატომ?
-გუშინ ვერ მოვახერხე
ლექტორმა თავი გაიქნია და ახლა სხვა სტუდენტს მიუბრუნდა იგივე კითხვით
-აბა ის ფილტვის კიბოიანი კაცი? – გადმომჩურჩულა გვერდზე მჯდომმა ჯგუფელმა
-მოწევას თავი დაანება – ჩურჩულითვე ვუპასუხე
-რაღას უშველიდა თავის დანებება…
-არა, ჯერ კიდევ 25 წლის ასაკში დაანება, ცოლი რომ პირველად დაორსულდა
-ნუ ლაპარაკობთ! – გაგვაჩუმა ლექტორმა
გვერდზე მჯდომს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მხოლოდ გაკვირვებული სახით შემომხედა და მერე გაკვეთილის გადამეორება განაგრძო.

* * *
ფილტვის კიბო დღეისათვის მსოფლიოში ავთვისებიან დაავადებათა შორის პირველ ადგილას დგას.
ყოველწლიურად მისი 1.61 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და 1.38 მილიონი ადამიანი კვდება.
ფილტვის კიბოს შემთხვევათა 80-90% სიგარეტის მოწევასთანაა დაკავშირებული.

დაანებეთ სიგარეტს თავი დღესვე, გაითვალისწინეთ გაფრთხილებები

Advertisements