უკანასკნელ პერიოდში აღმოვაჩინე:

  • ავტობუსში დაჯდომისა და დაწოლის ათასი სხვადასხვა პოზა როგორც ერთ, ისე ორ სკამზე.
  • სკოჩის ათასი სხვადასხვა დანიშნულება და მისი გამოყენების ამდენივე მეთოდი.
  • უცხოელთან ხელებითა და ფეხებით საუბრის ათასი ხერხი, როცა ერთმანეთის ენა არ იცით.
  • რომ ქირურგობა არც ისე ბუა ყოფილა და ხანდახან საინტერესო და სასიამოვნოც კი შეიძლება იყოს.
  • რომ ოპერაციის ყურებისას უფრო იღლები, ვიდრე კეთებისას
  • რომ “გლორია ჯინსი” შარვლების კიარა, ყავის ბრენდია 😀
  • რომ ძალიან მომწონს უცხო ქვეყანაში ყოფნა როგორც ტურისტის, ისე სტუდენტის სტატუსით.
  • რომ გაგანია ზაფხულში შეიძლება შეგცივდეს და გაიყინო კიდეც.
  • რომ როცა აქციები არ არის, არც ისე ცხელა, არც ისე ბევრი ხალხი და მანქანებია და ხეებიც ისეა გაფოთლილი, რომ სახლთა უმეტესობას ფარავს, თბილისი ნორმალურ ქალაქს ემსგავსება.
  • რომ უმობილუროდ და უკომპიუტეროდაც შეიძლება ცხოვრება (ოღონდ ცოტა ხნით).

Last Week

August 6, 2009

არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ყველაფერი კარგი ბოლოს იწყება ხოლმე. სამი კვირაა აქ ვართ და ყველაზე საინტერესო რათქმაუნდა ეს მესამე კვირა აღმოჩნდა.
თავიდან რომ მივედი კლინიკაში, მეზობლის ბავშვივით შორიდან ვუყურებდი ყველაფერს. რათქმაუნდა ბევრი რამე ვნახე, ოპერაციებიც, მშობიარობებიც, მაგრამ პერსონალი იყო რაღაცნაირი… არა, პერსონალი კიარა, მათი დამოკიდებულება ჩვენდამი. ზოგიერთი საერთოდ არ გვიმჩნევდა, ზოგიერთი მარტო შეკითხვებზე გვპასუხობდა, ეს ალბათ ძირითადად იმის გამო, რომ ბევრმა ინგლისური საერთოდ არ იცოდა, ან ცუდად იცოდა. იყვნენ გამონაკლისებიც რათქმაუნდა, რომლებიც გველაპარაკებოდნენ და თავისი ინიციატივითაც გვიხსნიდნენ რაღაცეებს, მაგრამ ერთიორი. საოპერაციოში ძირითადად უნდა უყურო მაინც და იმდენი ოპერაცია იყო, მოსაწყენად ვის ეცალა, მაგრამ აი სამშობიარო განყოფილებაში ყოფნისას, როცა არაფერი ხდებოდა, მართლა ზემოთხსენებულ მეზობლის ბავშვივად ვგრძნობდი თავს.
ამ კვირის დასაწყისიდანვე, ვინაიდან ივლისი დამთავრდა და აგვისტო დაიწყო, საოპერაციოში პერსონალის ნაწილი შეიცვალა და მათი უმეტესობა ბევრად უფრო სასიამოვნო, მეგობრული და რაც მთავარია, ინგლისურის მცოდნე აღმოჩნდა. ორშაბათსვე გამოჩნდა ჩვენი ზანგი ხელმძღვანელი ადამი, რომელიც ჩემს ყოველ დანახვაზე მეუბნებოდა (და არა მეკითხებოდა) “მარიამ, ჰაუ არ იუ”. მანვე უთხრა ერთ გოგოს, რომ ოპერაციაზე შევეყვანე. ამ გოგოს სახელი ვერ დავიმახსოვრე, არც ის ვიცი ექიმია თუ რეზიდენტი (ცოტა ძნელი გასარჩევია ვინ სტუდენტია, ვინ ექიმი და ვინ რეზიდენტი, იმიტომ, რომ ყველა ახალგაზრდაა და ყველა ყველაფერს აკეთებს), მაგრამ რაც მთავარია ხელები დამაბანინა, ფორმა ჩამაცვა და ოპერაციაზე თავის გვერდით დამაყენა. მიომექტომია იყო, პირველად ვიყავი ასე ახლოს პაციენტთან და ყველაფერს კარგად ვხედავდი, მაგრამ ყურების მეტი მაინც არაფერი გამიკეთებია და შესაბამისად, ემოციებიც არ მქონია. აი ნამდვილი ოპერაცია შემდეგ დღეს იყო. დილიდან ვესწრებოდით საკეისროებს. აქედან ერთერთი ექიმი წინა ორ კვირაშიც მოღვაწეობდა და იმ გამონაკლისებში შედიოდა, ვინც რაღცეებს მიხსნიდა. ჩვენ პატიოსნად ვუყურებდით და უცებ გვითხრეს, რომ ცოტა მოგვიანებით, ხალხი რომ წავა-წამოვა, ჩვენც დაგვაყენებდნენ, მოვიდა ეს ჟამიც, ცოტა ვნერვიულობდი (პირველზე უფრო მეტად), რამოდენიმეჯერ მომიწია ხელების დაბანა, რადგან ხან ძალიან ადრე მომივიდა, ხან რაღაცას შევეხე. ოპერაციაზე სრულუფლებიანი ასისტენტი ვიყავი: ვწმინდავდი სისხლებს, ვიჭერდი მაშებს, ვჭრიდი ძაფებს, სისხლძარღვების კოაგულაციაც გავაკეთე და რამდენიმე ნაკერიც დავადე. ვიღაცისთვის შეიძლება სასაცილო იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ მე ისეთი აჟიტირებული გამოვვარდი იქიდან, გზაში შემხვედრ ყველა ნაცნობს და არანაცნობს ვახარე, რომ ოპერაციაზე ვიდექი. იმის მერე კიდე ორ საკეისროზე ვიყავი ასისტენტად და იმედია ხვალაც მომიწევს. მოკლედ ჩემი ქირურგიული ნათლობა შედგა და ძალიანაც მომეწონა ეს ჭრა-კერვა. აწი როცა ქირურგობაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ასე გადაჭრით არ ვიუარებ 😀
გარდა ამისა, მეანობაშიც გამოჩნდა ერთი გულისხმიერი ექიმი, რომელიც მსგავსი პროგრამით იყო ნამყოფი საზღვარგარეთ და მაშინვე მიხვდა ჩემს მეზობლისბავშვობას. გამომელაპარაკა, თავის კაბინეტში ორსული ქალების გასინჯვაზე დამასწრო, ბევრი რამე ამიხსნა, ბევრი რამე მაჩვენა.
მოკლედ, ამ კვირაში გაცილებით ბევრი გავაკეთე, ვიდრე წინა ორ კვირაში ერთად. პასიური დამკვირვებლიდან აქტიურ მონაწილედ გადავიქეცი და ეხლა, როცა მუღამში შევედი, ასე მალე დაბრუნება აღარ მინდა. უფრო სწორად, თან მინდა თან არა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ნებისმიერ შემთხვევაში შაბათს წამოვალთ და კვირას უკვე დავუბრუნდები მშობლიურ თბილისს 🙂

see u soon